Geo Eng
   

კითხვა-პასუხი

1. გლაუკომა
     ა. რა ნიშნავს პირველადი და მეორადი გლაუკომა?
     ბ. რას ნიშნავს ნორმალური (ან დაბალი) თვალშიდა წნევით მიმდინარე_ანუ ნორმოტენზიული გლაუკომა?
     გ. რა არის გლაუკომის მწვავე შეტევა?
     დ. რას ნიშნავს თანდაყოლილი გლაუკომა?
     ე. რას ნიშნავს ტერმინი  „თვალშიდა ჰიპერტენზია“?
     ვ. როგორია გლაუკომის სიმპტომები?
     ზ. რა სახის ჩივილები შეიძლება გაუჩნდეს პაციენტს?
     თ. ვინ ავადდება გლაუკომით  ანუ  ვინ შედის გლაუკომის ე.წ. „რისკ ჯგუფში“?
     ი. რომელია დაავადების პროგრესირების რისკ-ფაქტორები?
     კ. რა და რა სახის მკურნალობის მეთოდები არსებობს?
     ლ. შესაძლებელია თუ არა გლაუკომის განკურნება?
2. დიაბეტური რეტინოპათია
     ა. ვინ არის დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკის ჯგუფში?
     ბ. როგორ უნდა დავიცვათ მხედველობა დიაბეტური რეტინოპათიის დროს?
     გ. რა სიმპტომები აქვს დიაბეტურ რეტინოპათიას?
    დ. როგორ ხდება დიაბეტური რეტინოპათიისა და ყვითელი ხალის შეშუპების მკურნალობა?
3. ბადურა გარსის ჩამოცლა
     ა. რატომ შეიძლება განვითარდეს ბადურის ჩამოცლა?
     ბ. რა ნიშნები აქვს ბადურას ჩამოცლას?
     გ. შეიძლება თუ არა ბადურა გარსის ჩამოცლის პრევენცია?
4. ასაკობრივი მაკულოდისტროფია
     ა. რა არის მაკულოდისტროფიის განვითარების რისკ-ფაქტორები?
     ბ. შესაძლებელია თუ არა მაკულოდისტროფიის თავიდან აცილება?
     გ. როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ასაკობრივ მაკულოდისტროფიას?
     დ. საკმარისია თუ არა ავასტინის ერთჯერადი ინექცია?
5. კატარაქტა
     ა. რატომ ვითარდებ კატარაქტა?
     ბ. რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას?
     გ. როგორ ხდება კატარაქტის მკურნალობა?
     დ. როდის უნდა გაკეთდეს კატარაქტის ოპერაცია?

 

1. გლაუკომა

ა. რას ნიშნავს პირველადი და მეორადი გლაუკომა?

პირველადია  გლაუკომა,  როცა დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.  მასში გაერთიანებულია მრავალი სხვადასხვა ქვესახეობა.  ხოლო  მეორადია გლაუკომა - როცა გლაუკომური პროცესი ვითარდება მეორადად თვალის სხვა დაავადების ფონზე (ანთებითი, სისხლძარღვოვანი, დისტროფიული, ბროლის დაავადებებთან დაკავშირებული, ტრავმული). მეორადი გლაუკომის დროს თვალშიდა წნევის მომატების მიზეზს თვალშიდა სითხის გადინების დარღვევა წარმოადგენს.

<< გვერდის დასაწყისში

 

ბ. რას ნიშნავს ნორმალური (ან დაბალი)  თვალშიდა წნევით მიმდინარე ანუ ნორმოტენზიული გლაუკომა?

იგი წარმოადგენს პირველადი ღია კუთხიანი გლაუკომის ერთერთ სახეობას, რომლის დროსაც გლაუკომური ცვლილებები (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შევიწროება, მხედველობის ნერვის ატროფია) მიმდინარეობს ნორმალური წნევის ფონზე. იგი ვითარდება თვალის, უპირატესად სადრენაჟო აპარატისა და მხედველობის ნერვის, სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად.

<< გვერდის დასაწყისში

 

გ. რა არის გლაუკომის მწვავე შეტევა?

ხშირი შეტევებით მიმდინარეობა დახურულკუთხიანი გლაუკომისთვისა არის დამახასიათებელი. ამ ფორმის გლაუკომისას შესაძლოა განვითარდეს მწვავე შეტევას, რომელის დროსაც დამახასიათებელია  შემდეგი ნიშნები:
   • თვალშიდა წნევის მნიშვნელოვანი მომატება (60-80 ვწ.სვ.-მდე);
   • თვალის ძლიერი ტკივილი;
   • თავის ტკივილი;
   • გულისრევა;
   • ღებინება;
   • საერთო სისუსტე;
   • დაავადებული თვალის მხედველობის მკვეთრი დაქვეითება.
დახურულკუთხიანი გლაუკომის მწვავე შეტევა ხშირად  შეცდომით დიაგნოსტირდება როგორც შაკიკი, კბილის ტკივილი, კუჭის მწვავე დაავადება, მენინგიტი, გრიპი და ა.შ., რის გამოც  თვალი რჩება დახმარების გარეშე შეტევის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან პირველ საათებში.

<< გვერდის დასაწყისში

 

დ. რას ნიშნავს თანდაყოლილი გლაუკომა?

თანდაყოლილი გლაუკომისას ახალშობილებში ხდება  მომატებული თვალშიდა წნევის აღმოჩენა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში თვალის კაკლის ზომების მომატება. ამ დროს ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს:
   • სინათლის შიში,
   • ცრემლდენა,
   • რქოვანას შემღვრევა,
   • ბავშვის თვალშისაცემი „დიდი და ლამაზი“ თვალებიც შესაძლოა ზოგჯერ თანდაყოლილი გლაუკომის მიმანიშნებელი იყოს.
გლაუკომის ამ ფორმის განვითარების   მიზეზს თვალის სადრენაჟო აპარატის შენების თანდაყოლილი დეფექტები წარმოადგენს. თუ ეს დეფექტები უმნიშვნელოა მაშინ დაავადება შესაძლოა მაშინვე ვერ გამოვლინდეს და მისი დიაგნოსტირება მხოლოდ  ბავშვთა ან მოზრდილა ასაკში მოხდეს.

<< გვერდის დასაწყისში

 

ე. რას ნიშნავს ტერმინი  „თვალშიდა ჰიპერტენზია“?

ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თვალშიდა წნევა აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, ხოლო გლაუკომური ცვლილებები (მხედველობის ველის და მხედველობის ნერვის დვრილის დეფექტები) არ აღენიშნება.

<< გვერდის დასაწყისში

 

ვ. როგორია გლაუკომის სიმპტომები?

საწყის სტადიაში დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
გლაუკომისათვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი:
   • თვალშიდა წნევის მომატება;
   • მხედველობის ველის შევიწროება;
   • მხედველობის ნერვის ცვლილებები.

<< გვერდის დასაწყისში

 

ზ. რა სახის ჩივილები შეიძლება გაუჩნდეს პაციენტს?

   • მხედველობის დაბინდვა, თვალწინ ბადის განვითარება;
   • სინათლის წყაროზე ყურებისას (მაგ. განათებულ ნათურაზე) ცისარტყელას წრეების არსებობა;
   • თვალში დისკომფორტის , სიმძიმის და დაჭიმულობის შეგრძნება;
   • თვალში უმნიშვნელო ჭრის შეგრძნება;
   • თვალის ცრემლიანობის შეგრძნება;
   • ბინდში ხედვის გაძნელება;
   • უმნიშვნელო ტკივილები თვალის ირგვლივ;
   • გვერდით მდებარე საგნების ვერ შემჩნევა;
   • შორს წასულ შემთხვევაში მხოლოდ მილისებური (ცენტრალური) მხედველობა  გვერდითი (პერიფერიული) მხედველობის სრული არ არსებობის ფონზე;
   • კიდევ უფრო შორსწასულ შემთხვევაში ცენტრალური მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, პერიფერიული მხედველობის არ არსებობის ფონზე;
   • სიბრმავე;
   • შეტევითი ხასიათის გაუსაძლისი ტკივილები.

<< გვერდის დასაწყისში

 

თ. ვინ ავადდება გლაუკომით  ანუ  ვინ შედის გლაუკომის ე.წ. „რისკ ჯგუფში“?

გლაუკომით შესაძლოა ნებისმიერი დაავადდეს.
რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები:
   • მომატებული თვალშიდა წნევით;
   • ასაკი: 40 წლის ზემოთ;
   • ეთნიკური წარმოშობა: შედარებით ხშირია ნეგროიდული რასის ადამიანებში;
   • დატვირთული ოჯახური ანამნეზით და მემკვიდრეობით;
   • შაქრიანი დიაბეტით;
   • მაღალი ხარისხის მიოპიით;
   • ბადურას დაავადებებით;
   • თვალის ტრავმით;
   • რქოვანას თხელი ცენტრალური ზონით;
   • თვალშიდა სიმსივნით;
   • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით;
   • სიმსუქნით.
„რისკ-ჯგუფში“ შემავალ პაციენტთა პროფილაქტიკური გასინჯვა სავალდებულოა წელიწადში ერთხელ მაინც.

<< გვერდის დასაწყისში

 

ი. რომელია დაავადების პროგრესირების რისკ-ფაქტორები?

• მკურნალობის სქემის და რეჟიმის დარღვევა;
• ცხოვრების სტილის მართვის შეუძლებლობა;
• სიმსუქნე;
• ნაკლებმოძრავი ცხოვრების სტილი.

<< გვერდის დასაწყისში

 

კ. რა და რა სახის მკურნალობის მეთოდები არსებობს?

დღეისათვის არსებობს გლაუკომის მკურნალობის სამი ძირითადი მიმართულება:
   • მედიკამენტოზური (კონსერვატიული);
   • ლაზერული;
   • ქირურგიული

<< გვერდის დასაწყისში

 

ლ. შესაძლებელია თუ არა გლაუკომის განკურნება?

სამწუხაროდ არა, ვინაიდან, როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, გლაუკომა წარმოადგენს ქრონიკულ, პროგრესირებად დაავადებას. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, მისი ადრეული დიაგნოსტიკის და დროული და სწორი მკურნალობის ფონზე შესაძლებელია დაავადების მართვა და მხედველობის მაქსიმალურად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ცხოვრების ბოლომდეც კი შენარჩუნება.

<< გვერდის დასაწყისში

 

2. დიაბეტური რეტინოპათია

ა. ვინ არის დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკის ჯგუფში?

პაციენტები I და II ტიპის შაქრიანი დიაბეტით წარმოადგენენ რისკ ჯგუფს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც აქვს დიაბეტი, გაიაროს სრულფასოვანი გამოკვლევა თვალის ექიმთან მინიმუმ წელიწადში ერთხელ. რაც უფრო ხანგრძლივია შაქრიანი დიაბეტის ანამნეზი,  მით უფრო მეტია რეტინოპათიის განვითარების ალბათობა. დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა ხელს შეუწყობს დაავადების სწრაფი პროგრესირების თავიდან აცილებას.

<< გვერდის დასაწყისში

 

ბ. როგორ უნდა დავიცვათ მხედველობა დიაბეტური რეტინოპათიის დროს?

    თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, გაიარეთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია მინიმუმ წელიწადში ერთხელ. დაიმახსოვრეთ, რომ:
   • პროლიფერაციული რეტინოპათია შეიძლება განვითარდეს ჩივილებისა და სიმპტომების გარეშე და თქვენ ექიმთან მიხვიდეთ დაავადების უკვე ძალიან შორსწასულ სტადიაში, როდესაც მხედველობა შეუქცევადად იქნება დაქვეითებული;
   • ყვითელი ხალის (ბადურას ცენტრალური უბანი, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალურ და ფერად მხედველობას) შეშუპება შეიძლება განვითარდეს ყოველგვარის სიმპტომის გარეშე რეტინოპათიის ნებისმიერ სტადიაზე.
   • სიმპტომების მიუხედავად, დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენი მხედველობის შენარჩუნებაში. დროულად ჩატარებული მკურნალობისა და მეთვალყურეობის ფონზე ადამიანებს პროლიფერაციული რეტინოპათიით 95%-ით უმცირდებათ სიბრმავის განვითარების რისკი.
   • ადამიანებს, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ სისხლში გლუკოზის დონეს და ნორმასთან ახლოს ინარჩუნებენ, მკვეთრად უმცირდებათ რეტინოპათიის განვითარების რისკი (ასევე თირკმლებისა და ნერვული სისტემის დაზიანების ალბათობა).

<< გვერდის დასაწყისში

 

გ. რა სიმპტომები აქვს დიაბეტურ რეტინოპათიას?

    შესაძლოა სიმპტომები დიდხანს არ გაჩნდეს. არ დაელოდოთ სიმპტომებს, გაიარეთ თვალის გამოკვლევა წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
    შესაძლოა გაჩნდეს მხედველობის გაბუნდოვანება, როდესაც ადგილი აქვს ყვითელი ხალის შეშუპებას. შესაძლოა გაჩნდეს მცურავი შავი ლაქა, რაც მიანიშნებს სისხლჩაქცევაზე. ამ დროს აუცილებელია თვალის ექიმთან ვიზიტი, ვინაიდან მკურნალობის გარეშე შეიძლება მხედველობა მკვეთრად დაქვეითდეს. მასიური თვალშიდა სისხლჩაქცევის დროს პაციენტი აღნიშნავს მხედველობის უეცარ, მკვეთრ, უმტკივნეული დაქვეითებას.

<< გვერდის დასაწყისში

 

დ. როგორ ხდება დიაბეტური რეტინოპათიისა და ყვითელი ხალის შეშუპების მკურნალობა?

    დაავადების პირველი სამი სტადია არ საჭიროებს მკურნალობას, თუ არ აღინიშნება ყვითელი ხალის შეშუპება. მეოთხე სტადიის დროს მიმართავენ გაფანტულ ლაზერკოაგულაციას (პანრეტინალური ლაზერკოაგულაცია).
    ყვითელი ხალის შეშუპების დროს მიმართავენ ფოკალურ (ადგილობრივ) ლაზერკოაგულაციას ან ზრდის ფაქტორების ინჰიბიტორის (ავასტინის) თვალშიდა ინექციებს. ამ შემთხვევაშიც მკურნალობის მიზანია სისხლძარღვების ობლიტერაცია (დახშობა)და შეშუპების შემცირება.
    თვალშიდა სისხლჩაქცევის დროს მიმართავენ თვალშიდა ქირურგიას – ვიტრექტომიას.

<< გვერდის დასაწყისში

 

3. ბადურა გარსის ჩამოცლა

ა. რატომ შეიძლება განვითარდეს ბადურის ჩამოცლა?

ბადურის ჩამოცლის მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი ახლომხედველობის გამო განვითარებული პერიფერიული დეგენერაციები, ნახეთქები, სიმსივნური პროცესები, თვალის ანთება, დიაბეტური რეტინოპათიის გართულება, ტრავმა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჩვეულებრივი ასაკობრივი ცვლილებები.

<< გვერდის დასაწყისში

 

ბ. რა ნიშნები აქვს ბადურას ჩამოცლას?

პირველ ეტაპზე ჩნდება მრავლობითი მცურავი შავი წერტილები, რასაც შეიძლება თან ახლდეს ნათებები. შემდეგ უკვე ჩნდება „ფარდის ჩამოფარების“ სიმპტომი.

<< გვერდის დასაწყისში

 

გ. შეიძლება თუ არა ბადურა გარსის ჩამოცლის პრევენცია?

    პაციენტებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ბადურა გარსის ჩამოცლის რისკ ჯგუფებს (პაციენტები მაღალი მიოპიით, ბადურას დეგენერაციებით, შაქრიანი დიაბეტით, გენეტიკური წინასწარგანწყობით) რეგულარულად უნდა გაიარონ ოფთალმოლოგის კონსულტაცია, და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარონ პროფილაქტიკური მკურნალობა (ბადურა გარსის ლაზერკოაგულაცია).

<< გვერდის დასაწყისში

 

4. ასაკობრივი მაკულოდისტროფია

ა. რა არის მაკულოდისტროფიის განვითარების რისკ-ფაქტორები?

ასაკი 55 წლის ზევით, სიგარეტის მოწევა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება, მაღალი არტერიული წნევა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,   მდედრობითი სქესი, კავკასიური რასა.

<< გვერდის დასაწყისში

 

ბ. შესაძლებელია თუ არა მაკულოდისტროფიის თავიდან აცილება?

არსებობს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება მაკულოდისტროფიის თავიდან ასაცილებლად:
   • არ მოწიოთ სიგარეტი;
   • გაიკეთეთ მზის სათვალე და დაიცავით თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან;
   • მოუარეთ გულ - სისხლძარღვთა სისტემას – არტერიული წნევის დარეგულირება, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა – ფეხით, ველოსიპედით სიარული 25%-ით ამცირებს მაკულოდსიტროფიის განვითარებას.
   • მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული – გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მუქი მწვანე ბოსტნეულით მდიდარი დიეტა მკვეთრად ამცირებს მაკულოდისტროფიის განვითარებას და/ან პროგრესირებას: ისპანახი, კომბოსტო, მწვანილი. თუ მაკულოდისტოფია განვითარდა ერთ თვალზე, მაშინ მიზანშეწონილია საკვებ რაციონში დაემატოს ვიტამინ E, C, თუთია, სპილენძი, ბეტა-კაროტინი, რაც შეამცირებს დაავადების პროგრესირებას.
   • შეამცირეთ ცხიმები თქვენს საკვებ რაციონში – თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, რომელიც ჭარბადაა თევზში, მკვეთად ამცირებს მაკულოდისტროფიის განვითარებას. დღეში მცირე რაოდენობით ნებისმიერი ტიპის თხილი 40%-ით ამცირებს დაავადების პროგრესირებას.

<< გვერდის დასაწყისში

 

გ. როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ასაკობრივ მაკულოდისტროფიას?

თანამედროვე მედიცინაში ასაკობრვი მაკულოდისტროფიის "სველი" ფორმის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომელიც თრგუნავს სისხლძარღვოვანი ზრდის ფაქტორების გამომუშავებას (ავასტინი, ლუცენტისი). პრეპარატების შეყვანა ხდება მინისებურ სხეულში. მკურნალობის შედეგად ადგილი აქვს შეშუპების შემცირებას, შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის სიმახვილის მომატებაც.

<< გვერდის დასაწყისში

 

დ. საკმარისია თუ არა ავასტინის ერთჯერადი ინექცია?

საშუალოდ ავასტინის ინექცია კეთდება სამჯერადად 4-6 კვირიანი შუალედით. შემდეგ ხდება დაკვირვება დინამიკაში, პერიოდულად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება.

<< გვერდის დასაწყისში

 

5. კატარაქტა

ა. რატომ ვითარდება კატარაქტა?

ყველაზე ხშირად კატარაქტა გვხვდება ნორმალური დაბერების პროცესის შედეგად 45 წლის ზევით, და ეწოდება ასაკობრივი კატარაქტა. შეიძლება კატარაქტა არსებობდეს დაბადებისთანავე ანუ იგივე თანდაყოლილი კატარაქტა.
კატარაქტა ასევე გვხვდება ტრავმის, ქრონიკული ანთების, ულტრაისფერი დასხივების, სხვადასხვა დაავადებების (გლაუკომა, შაქრიანი დიაბეტი) შედეგად. შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული კატარაქტა ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით.

<< გვერდის დასაწყისში

 

ბ. რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას?

კატარაქტის ძირითადი სიმპტომია მხედველობის დაქვეითება. იმისდა მიხედვით, ბროლის რა ნაწილია უფრო მეტად შემღვრეული, მხედველობის დაქვეითების ხარისხიც განსხვავებულია. თუ ბროლის პერიფერიული უბანია შემღვრეული, მხედველობა შესაძლოა თავიდანვე არ  დაქვეითდეს. კატარაქტას ასევე ახასიათებს დღის მხედველობის გაუარესება, გაორება. გუგა, რომელიც ძირითადად შავია, შეიძლება თეთრი ფერის გახდეს.

<< გვერდის დასაწყისში

 

გ. როგორ ხდება კატარაქტის მკურნალობა?

კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს შემღვრეული ბროლის ქირურგიულად მოცილება.
კატარაქტის თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიები უზრუნვეყოფს მკურნალობის ეფექტურობას. მხედველობის აღდგენა პრაქტიკულად ხდება სრულფასოვნად. ოპერაცია კეთდება ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციით, 2 მმ-იანი განაკვეთით, ნაკერის დადების გარეშე, რომლის შედეგადაც მინუმიმამდეა დაყვანილი გართულებები.

<< გვერდის დასაწყისში

 

დ. როდის უნდა გაკეთდეს კატარაქტის ოპერაცია?

კატარაქტის ოპერაცია კეთდება მაშინ, როდესაც თქვენი მხედველობა ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთანავე ადრინდელი შეხედულება, რომ კატარაქტა საჭიროებს „მომწიფებას“, დღესდღეისობით  უარყოფილია. კატარაქტა სჯობს გაკეთდეს ადრეულ ეტაპებზე, რაც უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს.

<< გვერდის დასაწყისში

method_diag

 

 

method_lens

 

method_lazer

 

method_ambul