Geo Eng
   

  გლაუკომა

    გლაუკომა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც აღინიშნება თვალშიდა წნევის მომატების ფონზე განვითარებული მხედველობის ნერვის ატროფია. გლაუკომის დროს ხდება მხედველობის დაკარგვა სრულ სიბრმავემდე, რისი აღდგენაც შეუძლებელია.
    გლაუკომა საკმოდ გავრცელებული დაავადებაა, ძირითადად ავადდებიან ადამიანები 40 წლის შემდეგ, თუმცა აღინიშნება შემთხვევები უფრო ახალგაზრდა ასაკში. არსებობს გლაუკომის თანდაყოლილი ფორმებიც.
    ნორმალური თვალშიდა წნევა მერყეობს 16-25 მმ ვცხწყ. სვ. მაკლაკოვის ტონომეტრით გაზომვის შემთხვევაში. თვალშიდა წნევის წონასწორობა განისაზღვრება თვალშიდა სითხის პროდუქციისა და მისი უკუგადინების თანაფარდობით. თუ მოხდა თვალშიდა სითხის უკუგადინების შეფერხება, მატულობს თვალშიდა წნევა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას.
    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს. თუ თქვენს ნათესავს აქვს გლაუკომა, რეკომენდირებულია გაიაროთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
    გლაუკომის დროული დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მკურნალობისა და პროგნოზისათვის.

 

    გლაუკომის არსებობაზე მიანიშნებს შემდეგი ჩივილები:
    • მხედველობის დაბინდვა;
    • სინათლის წყაროზე ცქერისას ცისარტყელის რგოლების გაჩენა;
    • დისკომფორტის, თვალის დაღლილობისა და დაძაბულობის შეგრძნება;
    • ბინდის მხედველობის გაუარესება;
    • თვალის გარშემო უმნიშვნელო ტკივილები;
    • გლაუკომის ზოგიერთი ფორმა პირიქით, მიმდინარეობს ძლიერი ტკივილით.

    გლაუკომა არ არის გადამდები დაავადება. როგორც წესი ორმხრივია, თუმცა ვლინდება ცალცალკე, რამდენიმე თვის ან წლის შუალედით.
მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია გაარკვიოს გაქვთ თუ არა გლაუკომა.
ჩვენს კლინიკაში ხორციელდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის ჩატარება.

 

   კონსერვატიული მკურნალობა

    გლაუკომის ადრეულ სტადიაზე მედიკამენტოზური მკურნალობა ძირითადად საკმარისია თვალშიდა წნევის ნორმალიზებისთვის, რაც ანელებს მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირებას. მკურნალობის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დანიშნულების სწორად შესრულებას, საჭიროა ჩაწვეთებებს შორის ინტერვალების დაცვა. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიმართ შეჩვევა და საჭირო გახდეს წამლის შეცვლა.

 

   ქირურგიული მკურნალობა

    მედიკამენტოზური მკურნალობის არაეფექტურობის დროს მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას. ჩვენს კლინიკაში ტარდება ფილტრაციული ოპერაციები. ქირურგიული მკურნალობის მიზანია დამატებითი გზის შექმნა თვალშიდა სითხის უკუგანდევნისთვის, რის შედეგადაც ქვეითდება თვალშიდა წნევა.
    გლაუკომის ტერმინალურ სტადიაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილის სინდრომი, რომლის მოსახსნელადაც მოწოდებულია თვალის მოყინვის ოპერაციები და მგრძნობელობის გამთიშველი პროცედურები.
    მკურნალობის სახეს არჩევს ექიმი დაავადების სტადიის, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების მიხედვით.

method_diag

 

 

method_lens

 

method_lazer

 

method_ambul